Foto

განათლების სამინისტრო პირველკლასელთა ასაკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, 2023-2024 სასწავლო წლისთვის დარჩნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ან სწავლა პირველ კლასში გააგრძელონ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მათ მიერ განცხადებაშია აღნიშნული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023-2024 სასწავლო წლისთვის სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა:

  • მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 2023 წლის 19 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;

ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი  საჯარო სკოლის თანამშრომელია;

გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

  • 2023 წლის 22-23 მაისს დამატებით განხორციელდება რეგისტრაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დარეგისტრირდნენ სკოლებში.
  • III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
  • IV ეტაპი – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.", - ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს, შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი სურვილის შესაბამისად, დარჩნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ან სწავლა სკოლაში გააგრძელონ.