Foto

კულება - მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია უკრაინისთვის წელს შეიქმნება

მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია უკრაინისთვის წელს შეიქმნება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ გამოაცხადა მზადყოფნა უკრაინელი მფრინავების წვრთნის დასაწყებად - გარდა ამისა, რამდენიმე ქვეყანა მზადაა, უკრაინის საჰაერო კოალიცია საბრძოლო თვითმფრინავებით უზრუნველყოს.

"ეს ყველაფერი პრეზიდენტისა და ყველა ჩვენგანის საერთაშორისო კონტაქტების შედეგია, ვინც დიპლომატიურ ფრონტზე ვმუშაობთ. ჩვენი პრიორიტეტია F-16, თუმცა სხვა ტიპის თვითმფრინავები და ტანკებიც გვესაჭიროება.

ისევ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იღებენ პირველ გადაწყვეტილებებს, რაც მთავარი გადაწყვეტილების მიღებამდე მიგვიყვანს. ეს ყველაფერი არის ჩვენი ძალისხმევის ნაწილი და შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ეს იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე უკრაინული საზოგადოება მოელის", - განაცხადა კულებამ.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნა სურთ.