Foto

ბოკუჩავა 5 ოპოზიციონერზე - ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ამ ადამიანებთან თანამშრომლობა გაგრძელდეს

ვერ ვხედავ შესაძლებლობას იმის, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს ამ ადამიანებთან, რადგან ის საკითხი, რასაც მათ მხარი დაუჭირეს, არის ფუნდამენტური საკითხი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხს, სადაც ხმა ოპოზიციის წევრებმაც მისცეს.

მისივე თქმით, მიუღებელია, რომ არსებობდეს ის პოზიციები, რაც დღეს 5-მა ოპოზიციონერმა "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის შედეგად დააფიქსირა.

„მე პირადად  ვერ ვხედავ შესაძლებლობას იმის, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს, რადგან ის საკითხი, რაზეც ამ ადამიანებმა დააფიქსირეს თანხმობა და ხმა მისცეს კლანის წევრებს, არის ფუნდამენტური საკითხი. ეს აძლიერებს კლანის გავლენებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შესაბამისად, სასამართლო სისტემაში. ეს არის ფუნდამენტური საკითხი, არა ფრაქციისთვის, პარტიისთვის ან რომელიმე ერთეული დეპუტატისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის და  ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამიტომ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მე ვერ ვხედავ როგორ შეიძლება გაგრძელდეს თანამშრომლობა. 

წინასწარ რომ გვცოდნოდა, მსგავს რამეს გააკეთებდნენ, პირდაპირ გეუბნებით, რომ იმ განცხადებას, რომელსაც ისმენთ ახლა, მოისმენდით მანამდე, რადგან ეს განცხადება და ეს შეხედულება აღნიშნულთან აკავშირებდათ არ შეიცვლება, არ შეიცვლებოდა და ვერ იქნება განსხვავებული. ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიც არის სასამართლო, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ყოვლად მიუღებელია, რომ არსებობდეს ისეთი პოზიციები, რომელიც დღეს დააფიქსირა. ეს არის თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“ და რამ გამოიწვია ეს, რა იყო ამის მიზეზი, ამაზე ალბათ თავად ისაუბრებენ. 

მედიისთვის ცნობილია და თავად მედიის წარმომადგენლებმა მომაწოდეს ეს ინფორმაცია, შემდეგ კადრების ნახვის შესაძლებლობაც მქონდა, საუბარია ნიკა მაჭუტაძეზე, ბაჩუკი ქარდავაზე, ნატო ჩხეიძეზე, როსტომ ჩხეიძეზე და რამდენადაც ვიცი კიდევ ერთ ადამიანზე, რომელიც ჩვენი ფრაქციის წევრია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია.

პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს.

ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.