Foto

ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. ამის შესახებ ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მაჭუტაძემ აღნიშნა, ფრაქციის დატოვების მიზეზი ის „გაუგებრობა“ გახდა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემის დროს მოხდა.

მისივე თქმით, დეპუტატები ოპოზიციაში არსებული გადაწყვეტილების შესახებ, რომ წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის მხარი არ უნდა დაეჭირათ არ იყვნენ ინფორმირებული.

ის ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 5 დეპუტატსა და “ქართულ ოცნებას” შორის გარიგებას ჰქონდა ადგილი, მაჭუტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია უსინდისო ტყუილია.

„იყო საუბრები ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან, რომ ლაპარაკია გარიგებაზე, ეს არის უსინდისო ტყუილი. როსტომ და ნატო ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე არავის არ გარიგებიან. ჩვენ არ გვქონია კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“, არ გვქონია არცერთი შეხვედრა და სატელეფონო ზარი „ქართულ ოცნებასთან“, მის არცერთ წარმომადგენელთან. ჩვენ რასაკვირველია, არაფერი გვაკავშირებს კლანთან. იმ კლანთან, რომელიც იუსტიციის საბჭოში ძალიან მტკიცედ არის ჩამჯდარი და ისედაც აქვთ მათ იქ უმრავლესობა. მთელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში და როგორც მოქალაქეები, კატეგორიულად ვემიჯნებით იმ სასამართლო კლანს, რომელიც არსებობს ქვეყნის სისტემაში და რომელიც საერთაშორისოდ არის დადასტურებული, სხვა არაერთი მოსაზრებების გამო“, – განაცხადა მაჭუტაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია.

პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს.

ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.