Foto

ბაჩუკი ქარდავა - დღევანდელი ისტერიკის ფონზე, ფრაქციაში დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი გახდა

ბაჩუკი ქარდავამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ის პირად სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბაჩუკი ქარდავა აღნიშნავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემის დროს მომხდარი ფაქტისა და "ისტერიკის ფონზე, [ფრაქციაში] დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი გახდა.

მისივე თქმით, არაფერია ამ ქვეყანაზე ისეთი, რომელიც არ გაცხადდება, აქედან გამომდინარე დროთა განმავლობაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და გამომჟღავნდება მომხდარი ფაქტის რეალური მიზეზი.

არაფერია ამ ქვეყანაზე ისეთი, რომელიც არ გაცხადდება. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა დროთა განმავლობაში და არ მგონია, დიდი დრო დასჭირდეს დღევანდელი ფაქტის რეალური მიზეზების გამომჟღავნებას. არ შეესაბამება სიმართლეს, ამ კენჭისყრასა და პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შორის რაიმე კავშირი არსებობდეს. მითუმეტეს, კომუნიკაცია არც ადრე , არც დღეს და არც ბოლო პერიოდში არ მქონია ქართულ ოცნებასთან და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ფაქტორად ვთვლი, მხარეებს შორის თუნდაც უკიდურესად დაპირისპირებულთა შორის, კომუნიკაციის აუცილებლობას, იმ ვითარებაში, როცა ოპონენტს რუსეთთან ურთიერთობაში ადანაშაულებ, აქ ღრმა თანამშრომლობას გამოვრიცხავ!

ისიც ფაქტია, რომ მთავარი მიზეზი დღევანდელი მოვლენების იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვერშემდგარი შეთანხმება, ავადსახსენებელ საბჭოში, ოპოზიციისთვის ადგილის დათმობისა. „ოცნება“ კვლავაც ხელისგადაგრეხვის პრინციპით მოქმედებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფაქტი ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთბვისაც მხოლოდ კენჭისყრის მიმდინარეობის დროს გახდა ცნობილი. იყო ნახსენები სხვადასხვა გვარები, ვიზედაც ხმის მიცემა დასაშვებად მიაჩნდათ სხვადასხვა ოპოზიციურ ლიდერს, მაგრამ საუბარი კენჭისყრის ბოიკოტირებაზე იმ წუთამდე, სანამ შევწყვიტეთ კენჭისყრა და დავტროვეთ დარბაზი არ ყოფილა. როგორც კი ცხადი გახდა ჩემთვის, რომ ოპოზიციამ ვერ მიაღწია შედეგს იმ კომუნიკაციაში, რომელშიც მე არ ვიღებდი მონაწილოებას და შესაბამისად, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი, მე შევწყვიტე კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო მოგვიანებით, საერთოდ დავტოვე დარბაზი. 

გარიცხვაზე საუბარი, ცოტა არ იყოს, არასერიოზულად მეჩვენება, ადამიანების მხრიდან, რომლებმაც დიდი ხნით ადრე, პირადად ჩემგან იცოდნენ ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ისე, რომ ამას ოპოზიციური ერთობისთვის ხელი არ შეეშალა. იმის გამო, რომ ჩემი ეს გადაწყვეტილება მათ მაინცდამაინც მისაღებად არ მიაჩნდათ , მე არ ვჩქარობდი ნაბიჯების გადადგმას, თუმცა დღევანდელი ისტერიკის ფონზე, დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი გახდა. სუბიექტური ადამიანების და მათ შორის ოპოზიციონრების გარდა, ვისაც სურს რომ დღევანდელი დღე, მხოლოდ შიდაოპოზიციური კონკურენციის საბაბად გამოიყენოს, ისინი ალბათ კიდევ მრავალგზის გამოამჟღავნებენ საკუთარ თავს, მაგრამ ვისაც რეალურად სურს დაამარცხოს ოცნება, მას უნდა ემსოდეს, რომ ოპოზიციური ერთობა გაუგებრობების, თუნდაც ჩემი კოლეგების მხრიდან შეცდომადაც კი მონათლული ქმედების მიუხედავად, და მე მას უფრო გაუგებრობას დავარქმევდი, ოპოზიციური კონსოლიდაცია მრავალფერობნების გათვალისწინებით გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ამას დრო გამოაჩენს, - წერს ქარდავა.

ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია.

პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს.

ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.