Foto

ღარიბაშვილმა ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა.

"პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა",- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 მაისს გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ მიიღებენ. ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს ჩატარდა.