Foto

სააკაშვილი - ქართველების გადინებისა და რუსების შემოსევის გამო აეროპორტების არსებობას ვნანობ

ვნანობ ამ აეროპორტების არსებობას, პირველად ქართველების მასობრივად გასვლის გამო და ახლა რუსების შემოსევის ტრაგედიის გამო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს მოუწოდებს, რომ პირველ რიგში, ერთგულები დარჩნენ საკუთარი ქვეყნის, შემდეგ კი არ უღალატონ უკრაინელებს. 

“ჯერ თბილისის და ბათუმის აეროპორტები ავაშენეთ გიორგი კარბელაშვილთან ერთად.
ალბათ ცოტა ვინმეს თუ ახსოვს ქუთაისის აეროპორტი 2008-ში რუსეთის მიერ 500 კილოგრამიანი ბომბებით დაბომბილი კოპიტნარის მაგივრად რომ ავაშენეთ, ვერა ქობალიას და რამაზ ნიკოლაიშვილის აქტიური დახმარებით. ავიყვანეთ ჰოლანდიური არქიტექტორული კომპანია, ძალიან მეჩქარებოდა, რომ ამათ მოსვლამდე ამეშენებინა და საერთაშორისო სტატუსი მიგვეცა.

უკვე ბევრჯერ ვნანობ ამ აეროპორტების არსებობას, პირველად ქართველების მასობრივად გასვლის გამო და ახლა რუსების შემოსევის ტრაგედიის გამო.
ქართველებო, არა მხოლოდ უკრაინელებს არ უნდა ვუღალატოთ, რომელთაც ჩვენთვის არასდროს უღალატიათ, არამედ პირველ რიგში, საქართველოს ერთგულები უნდა დარჩეთ”, - წერს სააკაშვილი. 

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა.

კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.

პირველი პირდაპირი რეისი მოსკოვიდან თბილისში ხვალ, 19 მაისს შესრულდება.