Foto

ბრეგაძე - სტრასბურგის გადაწყვეტილება, პოლონეთში სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით არის საბოლოო

სტრასბურგის გადაწყვეტილება პოლონეთში სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით არის საბოლოო, -  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" შესაბამის დახმარებას იღებს, ხოლო, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ მსჯავრდებულის გადაყვანა შესაძლებელი იქნება საპატიმროში, იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

"შეხვედრა შეეხებოდა, აქ არაფერია დასამალი, მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას. ბუნებრივია ვისაუბრეთ მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც და მიმოვიხილეთ სხვადასხვა საკითხებიც, რომელზეც გასაგები მიზეზების გამო მოვერიდები საჯაროდ საუბარს.

ჩვენ ვხელმძღვანელობთ ადამიანის უფლებების მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი სტანდარტებით, თუკი ადამიანს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას იღებს კერძო კლინიკაში, "ვივა მედში" და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული, ბუნებრივია მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

კონკრეტულ მოთხოვნაზე, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი სამკურნალოდ ყოფილიყო გადაყვანილი ვარშავაში, ამაზე იყო პასუხი, ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე. დანარჩენ სარჩელს რაც შეეხება, როდესაც დაცვის მხარე წარადგენს სარჩელს, როდესაც სასამართლო გამოგვიგზავნის ჩვენ, მერე ვისაუბრებთ უკვე ამ საკითხზე და რაც შეეხება გადაწყვეტილებას, პოლონეთში მსჯავრდებულ სააკაშვილის გადაყვანაზე, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის საბოლოო" - განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, 12 მაისს საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ექსპრეზიდენტის ქვეყნის შიგნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანა.