Foto

ღარიბაშვილი - თქვენ რომ გადაადგილდებით ევროპაში, ჩვენი დამსახურებაა

თქვენ რომ გადაადგილდებით 100 ევროდ თავისუფლად ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის, მისი გუნდის და "ქართული ოცნების" დამსახურება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალლისტებთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას საქართველოს ევროპულ მომავალთან კავშირი არ აქვს.

ღარიბაშვილის აზრით,  ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, "ქართულ ოცნებაზე" "მეტი არავის გაუკეთებია".

"არასწორად აკავშირებთ ამ გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება ვაჭრობის გააქტიურებას, მიმოსვლას [რუსეთთან] ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ეს არასწორი ინტერპრეტაციაა და რატომ, აგიხსნით. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს. მეორე მიმართულება არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, რაშიც ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის არ გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუ ვინმემ რამე შედეგი მოიტანა, ეს მოიტანა "ქართულმა ოცნებამ", მეგობრებო - ასოცირება, უვიზო რეჟიმი - თქვენ რომ გადაადგილდებით 100 ევროდ თავისუფლად ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის, მისი გუნდის და "ქართული ოცნების" დამსახურება...

ჩვენ ყველა ნაბიჯს სწორად ვდგამთ. ვუხსნით ჩვენს ევროპელ მეგობრებს. ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის პოლიტიკას, ჩვენ უნდა ვიყოთ წევრი ქვეყანა. ჯერჯერობით არ ვართ წევრი და ამას დასჭირდება წლები", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.