Foto

რუსული თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა

რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. რუსეთის ფედერაციის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ, ეს მოსკოვიდან პირველი რეისია.

პარალელურად, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციამდე, „დროას“ ორგანიზებით, პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის გასაპროტესტებლად, აეროპორტისკენ მსვლელობა გაიმართა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა  გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.

პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. ავიაკომპანია იტყობინება, რომ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი ყოველდღიურად 19 მაისიდან შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, 16 მაისს კიდევ ერთი ნებართვა გასცა. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს.  ავიაკომპანიის მიერ ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

ამასთან, დღეს, 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას.