Foto

ლომჯარია - შეხედეთ, ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა

ლომჯარია - შეხედეთ, ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ყოფნიდან მეცამეტე წელს საზოგადოებას ევროპასთან ინტეგრაციის სანაცვლოდ, რუსეთის თვითმფრინავების და ფსბ-ს აგენტების საქართველოში ფრენას სთავაზობს.

"ხელისუფლებაში ყოფნიდან მეცამეტე წელს ქართული ოცნება წარმატებად გვასაღებს ომის საერთაშორისო დანაშულში ძებნილ, დასანქცირებულ, იზოლირებულ, ყველასგან მოძულებულ პუტინის ხელისუფლებასთან "შეთანხმების მიღწევას", რომ მათმა ჯართმა თვითმფრინავებმა ფსბ-ს აგენტებითურთ საქართველოში იფრინონ. ამას გვთავაზობენ ევროპასთან ინტეგრაციის სანაცვლოდ.

შეხედეთ, ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა. "ოცნებავ", ესეც არაა თქვენი დამსახურება, ოღონდ, დასჭირდა კრემლს საქართველო და გიყენებენ", - წერს ლომჯარია.

შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. რუსეთის ფედერაციის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ, ეს მოსკოვიდან პირველი რეისია.

თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-იც იწყებს. ავიაკომპანიის მიერ ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

გარდა ამისა, დღეს, 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-ი დაიწყებს.

მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა  გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.