Foto

შალვა პაპუაშვილი - დიდია საფრთხე, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან ანექსიის პოლიტიკაზე გადავიდეს

რუსეთის ჯარი დედაქალაქიდან 30 კმ-ში და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავაშირებელი მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში იმყოფება - ეს არის უდიდესი სამხედრო რისკი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, გარდა ამისა, დიდი საფრთხეა, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან ანექსიის პოლიტიკაზე გადავიდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ამ და სხვა მიზეზების გამო, რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესება ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

"თავად ოპოზიციამ აღიარა, რომ სანქციების დაწესება საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესს და რატომ - ნებისმიერი ასეთი ქმედება - ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა - ეს არის სანქცია და გულისხმობს, რომ ესკალაციაში შევდივართ რუსეთთან... რა თქმა უნდა, როცა აწესებ სანქციებს, მოსალოდნელია კონტრსანქციები, საპასუხო ზომები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე და ეკონომიკურ კეთილდღეობას შეექმნება საფრთხე.

ყველას შევახსენებ, რომ რუსეთის ჯარი დედაქალაქიდან 30 კმ-ში და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავაშირებელი მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში იმყოფება. ეს არის უდიდესი სამხედრო რისკი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. გარდა ამისა, დიდი არის საფრთხე, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან გადავიდეს ანექსიის პოლიტიკაზე.

ისინი, ვინც გვთავაზობენ ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, ანუ ისინი ჩვენ გვთავაზობენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სინამდვილეში ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და შევიდეთ ესკალაციაში და შესაბამისად, შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან. ისინი, ვინ გვეუბნებიან, რომ უნდა დავაწესოთ სანქციები, ვერ გვაძლევენ უსაფრთხოების გარანტიებს",- ამბობს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა  გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.

პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. 19 მაისს, შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი დაეშვა. 

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, 16 მაისს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის კიდევ ერთი ნებართვა ავიაკომპანია Georgian Airways-ს მისცა.

19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-იც დაიწყებს.