Foto

დანილოვი ბელგოროდზე - უკრაინელებს ის ფაქტი აწუხებთ, რომ პუტინს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა გამოხატოს რაიმე შეშფოთება

უკრაინელებს მხოლოდ ის ფაქტი აწუხებთ, რომ პუტინს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა გამოხატოს რაიმე შეშფოთება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, ალექსეი დანილოვი ბელგოროდში არსებულ ვითარებას.

როგორც დანილოვმა აღნიშნა, პუტინის სისხლის სამართლის საქმის აღსრულება მთელი სისწრაფით ახლოვდება.

"რაც შეეხება კრემლისა და პუტინის შეშფოთებას ბელგოროდის ვითარებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ უკრაინელებს მხოლოდ ის ფაქტი აწუხებთ, რომ პუტინს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა გამოხატოს რაიმე შეშფოთება, ვიდრე გაეცნოს პირადი სისხლის სამართლის საქმის მასალებს ციხის საკანში. მაგრამ ეს დღე მთელი სისწრაფით ახლოვდება", - წერს დანილოვი.

შეგახსენებთ, ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გუშინ, 22 მაისს ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა  "ტელეგრამ-არხზე" გაავრცელა.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა Suspilna-ს განუცხადა, რომ "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონმა და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" ბელგოროდში ოპერაციის განხორციელება დაიწყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოლქში "ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეები" შევიდნენ.