Foto

ენმ-ი აქტიურად ითხოვდა ფრენების აღდგენას - პუტინი, ალბათ, მათ გულისხმობდა - კობახიძე

პუტინმა თქვა ასეთი რამ, რომ გაუკვირდა პროტესტი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავად ითხოვდნენ ასეთ ნაბიჯს. პროტესტი ჩვენი მხრიდან არ იყო გამოხატული, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი ფრენების აღდგენა, ეს იყო ჩვენი პოზიცია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენას ხელისუფლებაში ყოფნის დროს "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვდა.

"როდესაც პუტინი საუბრობდა იმაზე, რომ ვინც ითხოვდა თავის დროზე ფრენების აღდგენას, უვიზო რეჟიმს, ის აპროტესტებს ამ ყველაფერსო, გულისხმობდა, როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობას“. ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე, „ნაცმოძრაობა“ როცა იყო ხელისუფლებაში, აქტიურად ითხოვდა ფრენების აღდგენას, 2009 წელზე მაქვს საუბარი. ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს. ალბათ, მათ გულისხმობს, რადგან ჩვენ არ გაგვიპროტესტებია",- თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა, რის შემდეგაც საზოგადოებისგან მადლობას მოელოდა, მაგრამ გადაწყვეტილებას  გაუგებარი უკმაყოფილება მოჰყვა.

მიმდინარე წლის 10 მაისს, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.

პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. 19 მაისს, შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი დაეშვა. 

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, 16 მაისს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის ავიაკომპანია Georgian Airways-სთვის კიდევ ერთი ნებართვა გასცა.

19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-იც დაიწყებს.