Foto

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, EU-ის ქვეყნების ელჩები დავითაშვილს შეხვდებიან

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დემარში ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით ხორციელდება.

შეხვედრა დღეს 17:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 მაისს, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.

პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. 19 მაისს, შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი დაეშვა. 

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, 16 მაისს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის ავიაკომპანია Georgian Airways-სთვის კიდევ ერთი ნებართვა გასცა.

19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-იც დაიწყებს