Foto

Ukrhydroenergo - კახოვკის ჰიდროელექტროსადგური მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება

კახოვკის ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის მთავარი ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo ავრცელებს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, სპეციალისტები ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად მუშაობენ.

"6 ივლისის 9:00 საათისთვის წყლის დონე კახოვკის რეზერვუარში ძალიან სწრაფად კლებულობს. დატბორვის საშიშროების ქვეშ მყოფი უბნებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. 

წყალსაცავის დონის უკონტროლო კლება დამატებითი საფრთხეა დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის",- ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, უკრაინის შეირაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დღეს დილით ააფეთქეს. 

პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის თქმით, მასშტაბური ნგრევის გამო, 80 დასახლება ნაწილობრივ ან სრული დატბორვის საფრთხის ქვეშაა.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდი აცხადებს, რომ  დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.

უკრაინის მთავარი ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-ს ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სპეციალისტები ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად მუშაობენ.