რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის ტერორისტული აქტი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომლის მიზანია, მაქსიმალური ნგრევისა და მსხვერპლის გამოწვევა,- ამის შესახებ გაეროში უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა, სერგეი კისლიცამ განაცხადა.
კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის ბრალდებებს, რომ კაშხალი უკრაინამ ააფეთქა, "პროგნოზირებადი სიცრუე" უწოდა.
"გადამწვარი მიწის ტაქტიკის გამოყენებით, ან ამ შემთხვევაში დატბორილი მიწის გამოყენებით - ტაქტიკა, ფაქტობრივად, აღიარეს რუსმა ოკუპანტებმა, რომ აღებული ტერიტორია მათ არ ეკუთვნის და ამ მიწების შენარჩუნებას ვერ ახერხებენ... მსხვერპლს საკუთარ დანაშაულში ადანაშაულებენ. მცირეა იმის შანსი, რომ ქვეყანამ, რომელმაც უარყო თავისი სამხედრო დანაშაულები მარიუპოლში, ბუჩში, იზიუმში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, აღიაროს პასუხისმგებლობა დღევანდელ წარმოქმნილ კატასტროფაზე“,- თქვა კისლიცამ.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ გუშინ, 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა, ადგილობრივი დროით 02:50 საათზე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.
მომხდარის შედეგად, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, კრიტიკულ ზონაში, ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროს, რელიეფის სიდაბლის გამო, ის კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე დგას. დასახლებული პუნქტების დატბორვის საფრთხის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს.
აფეთქებიდან პირველ საათებში წყალმა მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორა 8 დასახლება და ხერსონის ერთი მიკრორაიონი მარჯვენა სანაპიროზე. ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის გამო, მდინარე დნეპრი, სულ მცირე, 150 ტონა ძრავის ზეთით დაბინძურდა.
უკრაინის მთავარმა ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-მა გუშინვე განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური სამხრეთ უკრაინას ელექტროენერგიითა და სუფთა წყლით ამარაგებდა. აღნიშნული სადგური ასევე მნიშვნელოვანი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის, რადგან მისი გაგრილების აუზების სიმძლავრე დამოკიდებულია დნეპრში წყლის დონეზე.
რაც შეეხება აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობას, კრემლმა მომხდარს "დაგეგმილი დივერსიის შედეგი" უწოდა, მასში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობა უარყო და "დივერსიის ავტორად" უკრაინა დაასახელა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press