ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურები კახოვკის ჰესის აფეთქების საკითხს ყურადღებით იკვლევენ.
როგორც სუნაკმა აღნიშნა, თუ მომხდარი ფაქტი იყო მიზანმიმართული, მაშინ ეს იქნება ყველაზე დიდი თავდასხმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დაწყების შემდეგ.
"ჩვენი სამხედრო და სადაზვერვო სამსახურები ახლა ყურადღებით იკვლევენ ამ ინციდენტს. თუ ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა, მაშინ ეს იქნება ყველაზე დიდი თავდასხმა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დაწყების შემდეგ და რუსული აგრესიის ახალი დემონსტრირება.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები საშინელი და არასწორია. მსგავსი შემთხვევები უკვე ვნახეთ კონფლიქტის დროს. მაგრამ საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევია", - განაცხადა სუნაკმა.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ გუშინ, 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა, ადგილობრივი დროით 02:50 საათზე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.
მომხდარის შედეგად, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, კრიტიკულ ზონაში, ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროს, რელიეფის სიდაბლის გამო, ის კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე დგას. დასახლებული პუნქტების დატბორვის საფრთხის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს.
აფეთქებიდან პირველ საათებში წყალმა მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორა 8 დასახლება და ხერსონის ერთი მიკრორაიონი მარჯვენა სანაპიროზე. ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის გამო, მდინარე დნეპრი, სულ მცირე, 150 ტონა ძრავის ზეთით დაბინძურდა.
უკრაინის მთავარმა ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-მა გუშინვე განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური სამხრეთ უკრაინას ელექტროენერგიითა და სუფთა წყლით ამარაგებდა. აღნიშნული სადგური ასევე მნიშვნელოვანი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის, რადგან მისი გაგრილების აუზების სიმძლავრე დამოკიდებულია დნეპრში წყლის დონეზე.
რაც შეეხება აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობას, კრემლმა მომხდარს "დაგეგმილი დივერსიის შედეგი" უწოდა, მასში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობა უარყო და "დივერსიის ავტორად" უკრაინა დაასახელა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press