Foto

ზელენსკი - რუსული ბოროტება ანადგურებს ცოცხალ არსებებს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათ გადასარჩენად​

მაშინ, როცა რუსული ბოროტება ანადგურებს ცოცხალ არსებებს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათ გადასარჩენად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა,  კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლისა და სხვა სტრუქტურების განადგურების შემდეგ ათასობით და ათიათასობით ცხოველი წყალდიდობაშია ჩარჩენილი.

"მაშინ, როცა რუსული ბოროტება ატერორებს და ანადგურებს ყველა ცოცხალ არსებას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას ყველა ცოცხალი არსების გადასარჩენად.

რუსეთის მეირ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლისა და სხვა სტრუქტურების განადგურების შემდეგ ათასობით და ათიათასობით ცხოველი წყალდიდობაშია ჩარჩენილი.

ჩვენ გვახსოვს, რომ ჰუმანურობა ნიშნავს ზრუნვას, არა მხოლოდ ერთმანეთზე, არამედ ყველა ცოცხალ არსებაზე. ჩვენ უკრაინელები ვიცავთ სიცოცხლეს. მადლობა ყველას დახმარებისთვის", - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ გუშინ, 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა, ადგილობრივი დროით 02:50 საათზე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

მომხდარის შედეგად, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, კრიტიკულ ზონაში, ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროს, რელიეფის სიდაბლის გამო, ის კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე დგას. დასახლებული პუნქტების დატბორვის საფრთხის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს.

აფეთქებიდან პირველ საათებში წყალმა მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორა 8 დასახლება და ხერსონის ერთი მიკრორაიონი მარჯვენა სანაპიროზე. ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის გამო, მდინარე დნეპრი, სულ მცირე, 150 ტონა ძრავის ზეთით დაბინძურდა.  

უკრაინის მთავარმა ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-მა გუშინვე განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. 

აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური სამხრეთ უკრაინას ელექტროენერგიითა და სუფთა წყლით ამარაგებდა. აღნიშნული სადგური ასევე მნიშვნელოვანი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის, რადგან მისი გაგრილების აუზების სიმძლავრე დამოკიდებულია დნეპრში წყლის დონეზე.

რაც შეეხება აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობას, კრემლმა მომხდარს "დაგეგმილი დივერსიის შედეგი" უწოდა, მასში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობა უარყო და "დივერსიის ავტორად" უკრაინა დაასახელა.