უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებიდან სამი დღეს შემდეგ, ხერსონის ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.
როგორც სახელმწიფოს მეთაური სოციალურ ქსელში წერს, წყალდიდობის ზონიდან ხალხის გამოყვანაში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლება ერთად მუშაობს.
"ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა დონეზე, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ დატბორილი ტერიტორიებიდან.
ევაკუაცია გრძელდება. სადაც კი შეგვიძლია ხალხის გამოყვანა წყალდიდობის ზონიდან, ჩვენ ამას ვაკეთებთ. სახელმწიფო საგანგებო სამსახური, პოლიცია და სამხედროები დიდ საქმეს აკეთებენ! მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს!
ჩვენ ვადგენთ უფრო დეტალურ ინფორმაციას ზიანზე, რუსეთის ამ კატასტროფის შედეგად. 40-ზე მეტ დასახლებაში ცხოვრება დარღვეულია. ბევრ ქალაქში და სოფელში ასობით ათასი ადამიანისთვის სასმელ წყალზე წვდომა მნიშვნელოვნად შეფერხებულია.
რუსეთი პასუხისმგებელია ამ მიზანმიმართულ დანაშაულზე ადამიანების, ბუნებისა და თავად სიცოცხლის წინააღმდეგ",- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა, ადგილობრივი დროით 02:50 საათზე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.
მომხდარის შედეგად, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, კრიტიკულ ზონაში, ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროს, რელიეფის სიდაბლის გამო, ის კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე დგას. დასახლებული პუნქტების დატბორვის საფრთხის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს.
აფეთქებიდან პირველ საათებში წყალმა მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორა 8 დასახლება და ხერსონის ერთი მიკრორაიონი მარჯვენა სანაპიროზე.
გუშინ, 8 ივნისს ჰესის აფეთქების შემდეგ დაღუპულების შესახებ პირველი ცნობები გავრცელდა. ოლეშკის მერმა, ევგენი რიშჩუკმა საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ტატიანა გასანენკოზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში, წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, ამ დროისთვის დაკარგულად 13 ადამიანი ითვლება.
ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის გამო, მდინარე დნეპრი, სულ მცირე, 150 ტონა ძრავის ზეთით დაბინძურდა.
უკრაინის მთავარმა ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-მა განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური სამხრეთ უკრაინას ელექტროენერგიითა და სუფთა წყლით ამარაგებდა. აღნიშნული სადგური ასევე მნიშვნელოვანი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის, რადგან მისი გაგრილების აუზების სიმძლავრე დამოკიდებულია დნეპრში წყლის დონეზე.
რაც შეეხება აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობას, კრემლმა მომხდარს "დაგეგმილი დივერსიის შედეგი" უწოდა, მასში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობა უარყო და "დივერსიის ავტორად" უკრაინა დაასახელა.
დღეს, 9 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოიპოვეს სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press