Foto

კალაძე - როდესაც თვალებში ნაცარს გაყრიან, კეთილი უნდა ინებო, დადგე სიმაღლეზე და თქვა შენი სათქმელი

გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

კალაძის განცხადებით, რეფორმების განხორციელებასა და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მხოლოდ ხელისუფლებაა ჩართული, რადგან იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ 12 რეკომენდაცია, რომელიც მოცემულია და სრულდება, ივნისის ბოლოს ზედმიწევნით იქნება შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ  გზამკვლევში პირველი მოცემული იყო დეპოლარიზაცია, რომელიც ცალმხრივად ვერ განხორციელდება, ამას მეორე მხარეც ჭირდება, რომელიც დღეს რადიკალიზმს  წამოადგენს და ბოიკოტის რეჟიმშია, ეს ბოიკოტი კი იკვეთება  ქვეყნის და არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ. რეფორმებს და იმ 12-პუნქტიან გეგმას ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება, რადგან ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ამას აქამდეც  ვიმსახურებდით.  შესრულდება ეს 12-პუნქტიანი გეგმა და შემდეგ უკვე დაველოდებით, დეკემბერში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, როდესაც „თვალში ნაცრის შეყრას ცდილობენ“, ეს არ უნდა დაუშვა.

„ჩვენ იმისთვის ვართ პოლიტიკოსები, რომ როდესაც არის მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, ეს არ უნდა დავუშვათ. მერე რა, თუნდაც დასავლელი პარტნიორი იყოს, მათაც სიმართლე უნდა ვუთხრათ, მეგობარსაც სიმართლე უნდა ვუთხრათ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს - შენი მეგობარი, კეთილმოსურნე თუ მტერი, როდესაც თვალებში ნაცარს გაყრიან, კეთილი უნდა ინებო, დადგე სიმაღლეზე და თქვა შენი სათქმელი. თეთრზე უნდა თქვა, რომ თეთრია, შავზე - შავია და ეს სხვებსაც უნდა გააგებინო“, - დასძინა კალაძემ.