კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, ხერსონის ეპარქიის 7 ეკლესია დაზიანდა და დაიტბორა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავრცელებს.
საინფორმაციო დეპარტამენტის ცნობით, ყველაზე მეტად კასპეროვის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა დაზიანებული, რადგან იქ წყალი 1,5-2 მ-ს აღწევს.
„ეკლესია დატბორილია - წყალი აზიანებს როგორც თვით ეკლესიის შენობას, ასევე საეკლესიო ჭურჭელს, ავეჯსა და ხატებს. დაზიანდა ეკლესიის საცხობიც, რომელშიც დაზარალებული ხერსონელებისთვის პურს აცხობდნენ“, - ნათქვამია ეკლესიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა, ადგილობრივი დროით 02:50 საათზე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.
მომხდარის შედეგად, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, კრიტიკულ ზონაში, ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროს, რელიეფის სიდაბლის გამო, ის კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე დგას. დასახლებული პუნქტების დატბორვის საფრთხის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს.
აფეთქებიდან პირველ საათებში წყალმა მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორა 8 დასახლება და ხერსონის ერთი მიკრორაიონი მარჯვენა სანაპიროზე.
8 ივნისს ჰესის აფეთქების შემდეგ დაღუპულების შესახებ პირველი ცნობები გავრცელდა. ოლეშკის მერმა, ევგენი რიშჩუკმა საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ტატიანა გასანენკოზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში, წყალდიდობის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის შს მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკარგულად 42 ადამიანი ითვლება, დაღუპულთა რიცხვი კი 10-მდე გაიზარდა.
ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის გამო, მდინარე დნეპრი, სულ მცირე, 150 ტონა ძრავის ზეთით დაბინძურდა.
უკრაინის მთავარმა ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-მა განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური სამხრეთ უკრაინას ელექტროენერგიითა და სუფთა წყლით ამარაგებდა. აღნიშნული სადგური ასევე მნიშვნელოვანი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის, რადგან მისი გაგრილების აუზების სიმძლავრე დამოკიდებულია დნეპრში წყლის დონეზე.
რაც შეეხება აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობას, კრემლმა მომხდარს "დაგეგმილი დივერსიის შედეგი" უწოდა, მასში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობა უარყო და "დივერსიის ავტორად" უკრაინა დაასახელა.
9 ივნისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოიპოვეს სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press