Foto

კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად, წყალმა ნაღმები, შესაძლოა, შავი ზღვის სანაპიროებზე ჩაიტანოს - გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამნაღმველი პროგრამის ხელმძღვანელი პოლ ჰესლოპი აცხადებს, რომ უკრაინაში კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ, შესაძლოა, ნაღმები შავი ზღვის მიმდებარე სანაპიროებზე ჩაიტანოს. 

როგორც ჰესლოპმა ჟურნალისტებს ჟენევაში პრესკონფერენციაზე უთხრა, ასეთი ნაღმია "პეპელა", რომელიც პატარაა, ჰერმეტული და პლასტმასის - სავსეა თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერებებით და  წყალზე ცურვა შეუძლია. ჰესლოპი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ტიპის ნაღმები "განსხვავებულ ადგილას იქნება გაფანტული".

მისი თქმით, სხვა, უფრო მძიმე ასაფეთქებელი ნივთიერებები, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, შორს გადაადგილებას ვერ შეძლებდნენ.

"ცხადია, 10-კილოგრამიანი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი იმავე მანძილის ვერ გაივლის, რასაც 50-დან 60-გრამიანი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი. ასე რომ, დიახ, იქნება დაბინძურება. ზოგი იქნება ზღვაში, ზოგი იქნება მდინარეებში. როგორ გავუმკლავდეთ ამას? ეს კიდევ ერთი რამაა, რომელიც უნდა დაემატოს გადასაჭრელ პრობლემებს",- განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა, ადგილობრივი დროით 02:50 საათზე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

მომხდარის შედეგად, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, კრიტიკულ ზონაში, ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროს, რელიეფის სიდაბლის გამო, ის კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე იდგა. დასახლებული პუნქტების დატბორვის საფრთხის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია.

აფეთქებიდან პირველ საათებში წყალმა მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორა 8 დასახლება და ხერსონის ერთი მიკრორაიონი მარჯვენა სანაპიროზე.

8 ივნისს ჰესის აფეთქების შემდეგ დაღუპულების შესახებ პირველი ცნობები გავრცელდა. ოლეშკის მერმა, ევგენი რიშჩუკმა საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ტატიანა გასანენკოზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში, წყალდიდობის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის გამო, მდინარე დნეპრი, სულ მცირე, 150 ტონა ძრავის ზეთით დაბინძურდა.  

უკრაინის მთავარმა ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-მა განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. 

აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური სამხრეთ უკრაინას ელექტროენერგიითა და სუფთა წყლით ამარაგებდა. აღნიშნული სადგური ასევე მნიშვნელოვანი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის, რადგან მისი გაგრილების აუზების სიმძლავრე დამოკიდებულია დნეპრში წყლის დონეზე.

რაც შეეხება აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობას, კრემლმა მომხდარს "დაგეგმილი დივერსიის შედეგი" უწოდა, მასში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობა უარყო და "დივერსიის ავტორად" უკრაინა დაასახელა.

9 ივნისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოიპოვეს სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა.