Foto

რუსეთი საქართველოს სანქციების თავის არიდების დერეფნად იყენებს - ბოკუჩავა

რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის უფროსმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით და ხელშეწყობით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს იყენებს სანქციების თავის არიდების დერეფნად,- ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, "ეს არის სწორედ ის, რაზეც საუბრობდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები".

"რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის უფროსი ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა მოახერხა დასავლეთის ბლოკადის გარღვევა ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გამოყენებით. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რომ საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით და ხელშეწყობით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს იყენებს სანქციების თავის არიდების დერეფნად. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება რუსეთის ფედერალური საბაჟოს უფროსის მხრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ გაზრდილია მათ შორის ტვირთბრუნვა ამ კონკრეტული გამშვები პუნქტის გამოყენებით, რადგან მაშინ, როდესაც რუსეთი არის იზოლაციაში და შეზღუდული აქვს სხვა სატრანსპორტო კორიდორები, საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ხდება დასავლეთის მიერ დაკისრებული სანქციების თავის არიდების კორიდორად.

ეს არის სწორედ ის, რაზეც საუბრობდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, როდესაც მათ შორის გახსოვთ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აშშ-ის ღიად ისაუბრა იმაზე, რომ ხდება საქართველოს ტერიტორიის გამოყენება რუსეთზე დაკისრებული სანქციების თავის ასარიდებლად. ამას ამბობს რუსეთი, რადგან ამხელს პრორუსულ მთავრობას, ეს არის კლასიკური რუსული მოქმედების სტილი, მათ შორის გახსოვთ როგორ ამხილა პუტინმა დღევანდელი რეჟიმი ფარულ, მალულ მოღალატეობრივი მოლაპარაკებების წარმოებაში, სადაც ქართული მხარე ითხოვდა საჰაერო მიმოსვლის აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას",- აცხადებს ბოკუჩავა.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან დავიდოვი საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის საგუშაგოს ეწვია. მისი თქმით, „ახლა ზემო ლარსზე ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა მიმდინარეობს“.