Foto

ზურაბიშვილი მოუწოდებს ღარიბაშვილს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო.

განცხადება ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

"როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, ვალდებული ვარ, რომ დეტალურად გავეცნო მოვლენების განვითარებას და ყველა შესაძლო გავლენას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინტერესებზე. ამიტომ, გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მათიაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ. სამწუხაროდ, ვერ მივიღე საჭირო ინფორმაცია ვერცერთი სხვა პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურისგან - ვერც შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომელსაც ევალება ჩვენი საზღვრის კონტროლი და ამავე დროს, როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ფლობდეს და მიზიარებდეს; ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომლის ერთ-ერთი მიმართულება, საკუთარი უწყების კანონის თანახმად, არის ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვა; ვერც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომელსაც პირდაპირ კანონით ევალება საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა და ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა. არათუ ინფორმაციის მიღება, დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, რაც თავისთავად, ამ მდგომარეობაში საგანგაშოა, როცა მსოფლიოს ყურადღება მაქსიმალურად მობილიზებულია არსებული მოვლენების მიმართ. ამიტომ, იძულებული ვარ, რომ საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო",- განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უსაფრთხოების საბჭოს მიერ განსახილველ საკითხთა შორის საზღვრის კონტროლის გამკაცრება, სავიზო რეჟიმის გადახედვა და საზღვარზე სანქცირებულ პირთა სიების გამოყენება უნდა იყოს.

"მიმაჩნია, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ ფორმატში, დროს აღარ ითმენს. ერთი არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, მეორე არის სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე, ანუ იმ სიების, რომელიც არსებობს და ჩვენი პარტნიორები ამ სიებს აკონტროლებენ. ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, რამეთუ საზოგადოებამ უნდა მიიღოს დროულად და დეტალურად ყველა მისთვის საჭირო ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება იმისთვის, რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება, რათა არ შეიქმნას არც უსაფუძვლო შიშები და არც რაც ხშირად ხდება, როცა ინფორმაციის ვაკუუმია, ცრუ ინფორმაციების გავრცელება",- თქვა პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, უსაფრთხოების საბჭომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზეც უნდა იმსჯელოს. 

"ასევე, საბჭომ უნდა განიხილოს არსებული რეაქციები აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა არ მივცეთ საშუალება სეპარატისტებს, ეს მოვლენები გამოიყენონ იმისთვის, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ გააღვივონ უადგილო შიშები. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება და საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას. ეს უნდა ითქვას და უნდა გავიმეოროთ. და ბოლოს, აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლა და მჭიდრო კომუნიკაცია",- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.