Foto

ევგენი პრიგოჟინი კავშირზე არ გამოსულა - პრესსამსახური

კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ევგენი პრიგოჟინი ჯერჯერობით კავშირზე არ გამოსულა. 

როგორც პრესსამსახურმა RTVI-ს უთხრა, ბოლოს ის მაშინ ნახეს, როდესაც როსტოვს ტოვებდა, ახლა კი, პრიგოჟინის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი.

"ის ყველას გაუგზავნის მისალმებას და უპასუხებს კითხვებს, როცა ნორმალური კომუნიკაცია შედგება",- ამბობენ პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".

მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილას ბრუნდებოდა.