Foto

კობახიძე - ვინც სალომე ზურაბიშვილს მიანიშნა, რომ შესაწყალებელი იყო გვარამია, მას საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება სურს

ვინც სალომე ზურაბიშვილს მიანიშნა, რომ შესაწყალებელი იყო გვარამია, მას სურს საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება და ჩვენთვის ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თუ რატომ სურთ პოლარიზაციის გაღვივება, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს.

„რატომ სურთ ამ ძალებს საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, თუმცა, თავისთავად ეს არის ძალიან სამწუხარო ნიშანი“, - აღნიშნა კობახიძემ.

ასევე, პარტიის თავმჯდომარემ უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას ნიკა გვარამიას პოლიტიკაში შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ „გვარამიას დიდი რესურსი არ აქვს, უბრალოდ, პოლარიზაციას დამატებით შეუწყობს ხელს, ეს არის და ეს“.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს კი, უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.