Foto

ბოკერია - „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ქადაგებდა ძალადობას და სამწუხაროდ, საპატრიარქოც ხშირად მათი მოკავშირე იყო

"ევროპული საქართველოს" თავჯდომარე, გიგა ბოკერია ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. 

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, საზოგადოებაში უნდა გაფართოვდეს კონსენსუსი რეჟიმის დემოკრატიულად დასრულებაზე. 

" „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მოყოლებული ქადაგებდა ძალადობას და სამწუხაროდ, საპატრიარქოც ხშირად მათი მოკავშირე იყო. არა მარტო ამართლებდნენ, არამედ ქადაგებდნენ ძალადობას, მას "მორალურ" საფუძველს უძებნიდნენ და აიგივებდნენ სიტყვიერ თავდასხმებს ფიზიკურ თავდასხმებთან, რაც ყველა მოძალადეს ახასიათებს ხოლმე და შემდგომ პერიოდში, ეს ძალადობა უფრო ინტენსიური ხდებოდა, როცა ისინი თვლიდნენ, რომ პოლიტიკურად უჭირდათ, ახლა, როგორც ჩანს, ეს პერიოდი დგება. ამაზე ერთადერთი სწორი პასუხია, საზოგადოებაში გაფართოება კონენსუსის, ამ რეჟიმის დემოკრატიულად დამთავრების თაობაზე. ამის გარეშე, ქვეყნის შიგნით გველოდება სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, თუ ეს რეჟიმი ძალიან შორს წავიდა და გარე მტრისგან გვემუქრება დამატებითი საფრთხე, სანამ აქ მათი მოკავშირეა ხელისუფლებაში", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, როგორც მიშა მშვილდაძემ განაცხადა, მას გუშინ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.  

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.