Foto

„არა-ფობიას“ - პრაიდ კვირეულთან დაკავშირებით მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, გაზარდონ უსაფრთხოების ზომები

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ პრაიდ კვირეულს ეხმაურება და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, გაზარდონ უსაფრთხოების ზომები, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები და ითანამშომლონ კვირეულის ორგანიზატორებთან.

როგორც სამოქალაქო პლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლგბტქი+ ჯგუფს აქვს უფლება, ყველა სხვა ჯგუფის მსგავსად შეიკრიბოს, იზეიმოს მრავალფეროვნება და ამავდროულად, გამოხატოს სოლიდარობა საქართველოში თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებული გამოწვევების მიმართ.

"შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეებია, რომელიც თანასწორად ეკუთვნის ყველას მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ლგბტქი+ ჯგუფს აქვს უფლება, ყველა სხვა ჯგუფის მსგავსად შეიკრიბოს, იზეიმოს მრავალფეროვნება და ამავდროულად, გამოხატოს სოლიდარობა საქართველოში თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებული გამოწვევების მიმართ.  

მიუხედავად იმისა, რომ წელს (მსგავსად წინა წლისა) პრაიდის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ დახურულ სივრცეში ჩაეტარებინათ ღონისძიებები და არ გაემართათ ღირსების მარში, ამ დრომდე გამოვლენილი აგრესია, მუქარა და ძალადობისკენ მოწოდებები კვირეულის მიმართ ისეთივე მასშტაბური და ინტენსიურია, როგორც ეს 2021 წლის ივლისში იყო.

აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ძალადობას და აგრესიას საზღვარი არ აქვს, ხოლო მოძალადეთა (განსაკუთრებით ძალადობის ორგანიზატორთა) დაუსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ ზრდის დაუცველ გარემოს ყველასთვის. აღნიშნულს კი საგანგაშოდ ემატება ბოლო დროს ხელისუფლების მხრიდან გახშირებული ჰომოფობიური რიტორიკა.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს:

გაზარდონ უსაფრთხოების ზომები, კერძოდ, მობილიზება გაუკეთონ პოლიციელთა საკმარის რაოდენობას თითოეულ ღონისძიებაზე, რათა შეძლონ დროული რეაგირების მოხდენა ნებისმიერ პოტენციურ ძალადობის აქტზე პრაიდის ორგანიზატორებისა თუ მონაწილეების წინააღმდეგ;

გაატარონ პრევენციული ღონისძიებები, კერძოდ კი, გამოავლინონ ძალადობისკენ მოწოდების და მუქარის შემთხვევები, ხოლო უკვე იდენტიფიცირებულ შემთხვევებზე დროულად დაიწყონ გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მათი გამხმოვანებლების წინააღმდეგ;

აქტიურად ითანამშრომლონ პრაიდის ორგანიზატორებთან და ჰქონდეთ მათთან უწყვეტი კომუნიკაცია უსაფრთხოების გეგმის შესამუშავებლად;

აღსანიშნავია, რომ მოწყვლადი ჯგუფების უფლებათა დაცვის გაძლიერება, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით, ევროკავშირის მიერ  საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შემადგენელი ნაწილია",- ნათქვამია პლატფორმა „არა-ფობიას!“ განცხადებაში.