მედიის ადვოკატირების კოალიცია მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ კანონს, რომელიც მათ შორის, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას ისახავს მიზნად,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მედიის ადვოკატირების კოალიცია ავრცელებს.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, აღნიშნულ კანონს ვეტო დაადოს.
"კანონი ძირს უთხრის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს აღნიშნულ კანონს.
მმართველი პარტიის მიერ რამდენიმე კვირის წინ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ინიცირებული იყო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მათ შორის, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა იზრდებოდა 9-დან 11-მდე, უქმდებოდა სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა, იზრდებოდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილების ვადები და ა.შ.
აღნიშნული კანონპროექტი არ პასუხობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს და აგრძელებდა ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესს. გასულ კვირას კი მმართველმა პარტიამ დამატებითი ცვლილებები შეიტანა დოკუმენტში, რომლის მიხედვით უქმდება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო და მის კომპეტენციებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ითავსებს. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9 დან 11-მდე იზრდება, და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ერთის ნაცვლად სამი კანდიდატის დასახელების უფლებამოსილება ენიჭება.
მედიის ადვოკატირების კოალიციას მტკიცედ სჯერა, რომ მაშინ, როცა გამოწვევაა პოლარიზაცია და დეზინფორმაცია, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი საზოგადოებისთვის მიუკერძოებელი და მრავალფეროვანი შინაარსის მიწოდებაში გადამწყვეტია. მმართველი გუნდის არსებული პოლიტიკა და ნაბიჯები კი, პირიქით, მიმართულია კერძო მედიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტროლისაკენ და მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსაყენებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ისარგებლოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით და ვეტო დაადოს აღნიშნულ კანონს და ამით მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელი და თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს.
ასევე მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, არ დაძლიოს ვეტო და საკუთარი ძალისხმევა და პოლიტიკა წარმართოს თავისუფალი, უსაფრთხო და პლურალისტური მედია გარემოს შესაქმნელად, რაც ხელისუფლების კონსტიტუციურ და კონვენციურ ვალდებულებას წარმოადგენს",- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press