საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება "არსებით ზიანს" აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს "სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას".
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო - დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით. ეს ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას და სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მიმართავს ამ ნაბიჯს მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი.
მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები. ასეთი განვითარების ფონზე, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას.
იმედს ვიტოვებთ, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და ძალისხმევას მიმართავს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ.
კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ურყევია საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ომის დაწყების დღიდან საქართველო ახორციელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ დონეზე, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.
ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის პირობებში, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.
აღნიშნულის თაობაზე ოფიციალური თბილისის პოზიცია უკრაინულ მხარეს ასევე გადასცა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა - დღეს ქ.კიევში უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დროს.
აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ომში მყოფი უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და მხარდაჭერას. სწორედ იმის გამო, რომ უკრაინა ომის აქტიურ ფაზაშია, ქართული მხარე, აცნობიერებს რა თავის დიდ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით და, განსაკუთრებით, პარტნიორების მიმართ, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან და მასთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისაგან, რაც ჩიხში შეიყვანს არსებულ ისედაც რთულ ვითარებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press