Foto

ტრაგედიაა, როცა ოლიგარქის პირადი ბანკირი ლილუაშვილი, გეგმავს ჟურნალისტზე თავდასხმას - მოვუწოდებ დიპკორპუსს, ჰქონდეთ რეაქცია - ხაბეიშვილი

უდიდესი ტრაგედიაა, როცა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთოხება აბარია, გეგმავს კრიმინალურ დახვედრებს, ჟურნალისტზე თავდასხმას,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველ ვიდეოკადრებს ეხმაურება და მოუწოდებს დიპლომატიურ კორპუსს, ფაქტს ყურადღება მიაქციონ.

“უდიდესი ტრაგედიაა, როცა რუსი ოლიგარქის პირადი ბანკირი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთოხება აბარია, გეგმავს კრიმინალურ დახვედრებს, ჟურნალისტზე თავდასხმას. ყველაზე სამარცხვინო კაცია, ივანიშვილის ბანკირებს შორის, რომლებიც პირადად მას ემსახურებიან და არა ხალხს. ლილუაშვილს, ამ დრომდე შერჩა სასულიერო პირების თვალთვალი, პედაგოგების მოსმენები, პოლიტოკოსების, ჟურნალისტების მიყურადება და ფიქრობს, რომ სულ ასე გაგრძელდება.

კარგად უნდა იცოდეს, პუტინისა და ივანიშვილის მსახურმა ლილუაშვილმა, რომ აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე. თავისუფალი სასამართლოსა და თავისუფალი პროკურატურის პირობებში.

"ფორმულას" ჟურნალისტებმა თავად გამოიძიეს მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული თავდასხმა და გამოძიებულმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს პატარა კაცუნები ყველაფერზე მოაწერენ ხელს. ქვების სროლაზე, თავდასხმაზე, მკვლელობაზე. ლილუაშვილი და გომელაური ახლა ფიქრობენ, როგორ გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან. ალბათ, დროებით გამოსავალს მოძებნით, მაგრამ  ზუსტად იცოდეთ, რომ არც რუსეთის, პუტინის მსახურება შეგრჩებათ, არც ქურდობა, კორუფცია და არც კრიმინალური საქმიანობა.

მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, ჰქონდეთ რეაქცია და შესაბამისი დრო, ყურადღება დაუთმონ ამ უმძიმეს ფაქტს”,- წერს ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, დღეს, ტელეკომპანია "ფორმულამ"  გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი პირი, რომელიც მიშა მშვილდაძეზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობს, სუს-ის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

აღსანიშნავია, რომ მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი 28 ივნისს დააკავეს. ნიკოლოზ გუგეშაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ძალადობას, რომელმაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 30 ივნისს, მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.