Foto

ქარტია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი დროულად გამოიძიონ

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, რომ ტელეკომპანია​ "მთავარი არხის" ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი დროულად გამოიძიონ.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლისგან. 

"2023 წლის 5 ივლისს, ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტ თეა ვაშალომიძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა უცნობი პირი, მიკროფონი გადაუგდო და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალა ხელი.  

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება", - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, 2023 წლის 5 ივლისს, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტ თეა ვაშალომიძეს მახინჯაურში უცნობმა პირმა მიკროფონი დაუზიანა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა.