Foto

გიორგი ზაქარაშვილი, უკრაინის საგარეო უწყებასთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევჰენ პერებიინისთან შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს.

როგორც ზაქარაშვილი აღნიშნავს, უკრაინის საგარეო სამინისტროში შეხვედრაზე ევჰენ პერებიინისმა მას სთხოვა, 48 საათის განმავლობაში დაეტოვებინა ქვეყანა, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში კონსულტაციები გაემართა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მათ შორის კომუნიკაციისთვის.

"გუშინ დილით მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ პერებიინისთან, რომელმაც ამ შეხვედრის მსვლელობისას მაუწყა უკრაინის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში, რაზეც ცხადია, დავეთანხმეთ, ვინაიდან ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა. თუმცა, უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მხარის პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც არაერთხელ გავრცელდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მათ შორის კომუნიკაციისთვის.

აღინიშნა ასევე, რაც უკრაინის მხარემ ისედაც კარგად იცის, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ შორის ყველა საერთაშორისო მოედანზე, გაერო-ში, ეუთო-ში, ევროსაბჭოში, ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები. აქ ყველგან საქართველო იდგა უკრაინის გვერდით, ისევე როგორც ჰუმანიტარულ ნაწილში. არა მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი გამოიგზავნა ინტერვენციის პირველივე დღიდან, ასევე გაკეთდა არაერთი სხვა ჰუმანიტარული პროექტი, მათ შორის 300-ზე მეტი ბავშვი ჩამოვიდა საქართველოში დასასვენებლად.

ჩემ მიერ ასევე აღინიშნა, რომ ეს პროექტები, მიუხედავად ამ ბოლო მოვლენებისა, აუცილებლად გაგრძელდება, ვინაიდან, როგორც მინისტრმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველო გააგრძელებს უკრაინელი ხალხისა და მეგობარი ქვეყნის დახმარებას“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.