მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ერთიანია საქართველოს, უკრაინის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერაში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში ჩატარება კარგი შესაძლებლობაა სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
მისი თქმით, განსაკუთრებით დასაფასებელია, ასამბლეის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.
„ასამბლეა შესანიშნავი პლატფორმაა წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის წახალისებისთვის, საჭირბოროტო საკითხებზე მოსაზრებების ურთიერთგაზიარებისა და ფრანგული ენის პოპულარიზაციისთვის. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ეს სესია საქართველოსთვის არის ფრანგულენოვან სამყაროსთან ისტორიული კავშირების ლოგიკური გაგრძელება. ამიტომ მჯერა, რომ აღნიშნული სესიის საქართველოში ჩატარება ჩვენს საუკუნოვან თანამშრომლობას დადებით მუხტს შესძენს და ახალგაზრდებში ფრანგულ ენას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. საქართველოს პარლამენტი წლებია აქტიურად თანამშრომლობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან. ვაფასებთ ასამბლეის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც დღევანდელ, გამოწვევებით სავსე დროებაში მეტად მნიშვნელოვანია. სულ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების
პატივისცემის შეხსენება ბევრის გაკვირვებას იწვევდა და ზედმეტ აქტიურობად ითვლებოდა. თუმცა, ჯერ 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ახლა კი უკრაინაში შეჭრით, კარგად გამოჩნდა რაოდენ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე პარტნიორების მხარდაჭერა და აგრესორი სახელმწიფოების შეკავება. მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ერთიანია საქართველოს, უკრაინის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერაში.
თავის მხრივ, საქართველო პატივს სცემს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრინციპებს და ღირებულებებს, თანამშრომლობასა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს. ეს არის ის ფუნდამენტი, რაც ჩვენს ქვეყანას აბრუნებს მის ევროპულ საფუძვლებთან. ამისთვის საქართველო ყველაფერს აკეთებს. ჩემი მშობლების თაობამ შესძლო საბჭოთა ანექსიიდან თავის დაღწევა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩვენი თაობის ვალი და მთავარი საზრუნავი ამ დამოუკიდებლობის განმტკიცება და ქვეყანაში მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, რათა ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს ჰქონდეთ მსოფლიო მასშტაბით დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს სახელით ახალი სიმაღლეების დაპყრობის შესაძლებლობა",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press