დღეს მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, რაც შეიძლებოდა ყოფილი ამ ლოკაციაზე დაცვისთვის, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ყველა აქციაზე შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მთლიანად იქნეს დაცული, განსაკუთრებით გაშლილ ტერიტორიაზე,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონები გაარღვიეს და შეიჭრნენ ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც დღეს "თბილისი პრაიდის" ღონისძიება უნდა გამართულიყო.
დარახველიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას კონტრაქციის მონაწილეთა დიდ რაოდენობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს.
"დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებულები. აქ იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია - ყველა ის დანაყოფი, რომელსაც ჰქონდა უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინა თავისი მანდატი, თუმცა კარგად ნახეთ, რომ მოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეების. ჩვენ გვქონდა შესაბამისი კორდონები გაკეთებული გზებზე... ეს იყო გაშლილი ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ კორდონები პოლიციის, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ "პრაიდის" ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არანაირი დაზიანება მათ არ მიუღიათ. ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება და არ მოხდეს რამე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე...
ჩვენ ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით, მაგრამ ხედავთ, რომ მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეებისა და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული",- ამბობს დარახველიძე.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებმა გაარღვიეს სამართალდამცველების კორდონები და შეიჭრნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ღონისძიება იყო დაგეგმილი. მანამდე სამართალდამცველებსა და "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.
"თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, ფესტივალის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, რადგან სამართალდამცველებმა ტერიტორიის დაცვა ვერ შეძლეს.
გუშინ, 7 ივლისს "თბილისი პრაიდმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დღეს, ქუჩის მსვლელობა არ ჩატარდებოდა, ფესტივალი კი გაიმართებოდა კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის და მას საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი ექნებოდა.
გუშინვე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად, პოლიციის დანაყოფები ყველა საჭირო ლოკაციაზე იქნებოდნენ მობილიზებულები.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press