საქართველოს ნატოში გაწევრიანება პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს,- ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის თავჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ღია წერილში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც პაპუაშვილის ღია წერილშია აღნიშნული, ქართველებს აერთიანებთ პოლიტიკური მიზანი, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გულისხმობს.
„თუკი ქართველებს რომელიმე პოლიტიკური მიზანი გვაერთიანებს, უპირველესად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. 2002 წლის ნოემბერში, ალიანსის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის შესახებ მოისმინა, ასეთი რამ თქვა: „გთხოვთ, დიდხანს ნუ გაგვაჩერებთ ღია კარში, შეიძლება ორპირ ქარში გავცივდეთო“...
საქართველო რომ 2008 წელს ნატო-ს წევრი ყოფილიყო, არ იქნებოდა არც ომი და არც რუსული ოკუპაცია, რომელმაც უფრო გაართულა არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები. საქართველოსთვის უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი.
ნატოს საზღვრები მშვიდობის საზღვრებია. საქართველოს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უდიდესი საფრთხე ბუნდოვანებაა, რომელიც აგრესიულმა ძალებმა სამართლებრივი, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით იოლად შეიძლება გამოიყენონ. 2008 წლის აპრილის ბუქარესტის გადაწყვეტილება ამის კლასიკური მაგალითია, როდესაც საქართველოს გაწევრიანების დაპირება ისე გაიცა, რომ, იმავდროულად, უარი ეთქვა წევრობის სამოქმედო გეგმაზე (მაპ-ზე). ამ წინააღმდეგობრივმა გადაწყვეტილებამ შექმნა ბუნდოვანება, რომელმაც შესაძლებლობა მისცა რუსეთს, გამოეყენებინა გეოპოლიტიკური შანსი და კიდევ უფრო გაერთულებინა ვითარება.
ვინაიდან ყველა ამ წარსულ ეჭვს პასუხი გაეცა ან საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ან ისტორიული გეოპოლიტიკური ცვლილებების წყალობით, უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატოში.
შეუძლებელია, ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო.
დაპირისპირებულ საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, შიდა რადიკალიზმთან ერთად, ყოველთვის შეუძლია საქართველოს დემოკრატიული სისტემის პრობლემებზე არასწორი აღქმების შექმნა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბი ხდება. სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, დღეს სკეპტიკოსად იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, სხვა მხრივ ნატოს მყარი მოკავშირის, ბოლოდროინდელი კომენტარიამ პრობლემის გაცნობიერების საშუალებას იძლევა. მან ეჭვი შეიტანა, „ცდილობს“ თუ არა საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას. ყველა ზემოთხსენებული წარმატებისა და პოლიტიკური ნაბიჯის ფონზე, თუ დავეყრდნობით ფაქტებს და არა აღქმებს, ეს კომენტარი სიმართლეს ძალიან დაშორებულია. ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამონატო-სგან საქართველოს განცალკევება, ისეთი შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ გვაპატიებს. საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს“,- აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის ღია წერილში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press