Foto

უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს შეისწავლის - ბოკუჩავა

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც "საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს შეისწავლის.

როგორც ბოკუჩავამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არაუფლებამოსილმა სხდომამ მიიღო.

"დღევანდელმა სხომამაც აჩვენა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, უმრავლესობას არ აქვს ხოლმე კვორუმი და არაუფლებამოსილი სხდომების ფონზე მიმდინარეობს ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.  

მათ შორის, არაუფლებამოსილი სხდომის მიერ მოხდა გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით...

ვთვლით, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელმააც უნდა შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, რადგან არ გვაქვს იმედი, რომ საპროცედურო კომიტეტი, რომელი რეალურად ასეთ საკითხებს უნდა განიხილავდეს და იღებდეს გადაწყვეტილებებს, მიიღებს რამე სახის გადაწყვეტილებას",- თქვა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია.

კენჭისყრის შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე რაქვიშავილმა და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოს დაძლევის პროცედურა გააყალბა.

აღნიშნულის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან 3 ივლისის კენჭისყრაზე დეტალური ინფორმაცია მოითხოვა.