Foto

რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები აფუთფუთდნენ - ეტყობა, პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს - სააკაშვილი

ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები - ეტყობა, შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარების მიმართვას.

სააკაშვილის თქმით, "ვერანაირი რეპრესიები ვერ შეაჩერებს მის ბრძოლას თავისუფლებისთვის".

"უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის. ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები - ეტყობა, შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს.

ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე, ჩემს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, საქართველოს განვითარებისა და წარმატების გზაზე დაბრუნებისთვის ვერ შეაჩერებს!",- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 44-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაყვანას.