Foto

სამხრეთ კორეაში წყალდიდობას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაკარგულად მიიჩნევა

სამხრეთ კორეაში წყალდიდობას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 500-ზე მეტი მოქალაქე კი ევაკუირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სტიქიის შედეგად 3 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, 7 პირი კი დაშავებულია.

როგორც მედია წერს, რამდენიმედღიანმა კოკისპირულმა წვიმამ მეწყერი და კაშხლის ადიდება გამოიწვია.

სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტრო იტყობინება, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 567 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, უწყება ევაკუირებულთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს. 

კორეის სარკინიგზო კორპორაციაში აცხადებენ, რომ მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია, რადგან ლიანდაგები დატბორილია და არსებობს კლდეების ჩამოშლის საფრთხე.

სამთავრობო უწყებებთან გამართულ შეხვედრაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჰან დაკ-სუმ სამხედროებს სამაშველო ოპერაციაში ჩართვისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის მობილიზებისთვის მუშაობისკენ მოუწოდა.