Foto

კობახიძე - მგონია, რომ მხოლოდ გაყალბებისთვის შეიძლება გამოიყენო ის ნიმუშები, რომლებიც ფარულად წამოიღო ერთ-ერთმა ექიმმა

მე მგონია, რომ ამას ერთდერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის გაყალბება - ვიღაცას სჭირდებოდა მანიპულაცია, გაყალბება,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პოლონელი ექიმი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას მალულად, ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, განმარტებები უნდა გაკეთდეს მათ შორის პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც.

"მე მგონია, რომ ამას ერთდერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის გაყალბება. არ ვიცი, ექსპერტებს შეგიძლიათ ჰკითხოთ, მაგრამ არაექსპერტული გადმოსახედიდან მგონია, რომ მხოლოდ გაყალბებისთვის შეიძლება გამოიყენო ის ნიმუშები, რომლებიც ფარულად წამოიღო ერთ-ერთმა ექიმმა. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა მოვისმინოთ განმარტებები, მათ შორის პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც. როგორც ვიცი, მათი ინიციატივა იყო ექიმების ჩამოსვლა საქართველოში. მათ დასჭირდებათ ოფიციალური განმარტების წარდგენა, რა და რატომ მოხდა. ამას სერიოზული მოკვლევა სჭირდება. აშკარად ვხედავთ, რომ იყო მანიპულაციის მცდელობა. სხვა მიზნით როგორ უნდა გამოიყენო ეს ნიმუშები, უბრალოდ არ ვიცი. კითხვა უნდა დაისვას და პასუხი გაეცეს. ვნახოთ, როგორი იქნება მათი პასუხი...

მათ გამოიტანეს ნიმუშები ჩვეულებრივი გზით, ნიმუშები სათანადოდ იყო აღებული. არაფერში სჭირდებოდათ დამატებითი ნიმუშები, გარდა ერთი თეორიული ვერსიისა. ეს არის ის, რომ ვიღაცას სჭირდებოდა მანიპულაცია, გაყალბება. სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს. არ ვიცი, შეიძლება, რომელიმე ექსპერტმა შემოგთავაზოთ ალტერნატიული ახსნა. ჩემთვის ამას ვერ ექნება ვერავითარი სხვა ახსნა, გარდა იმისა, რომ ვიღაცას უნდოდა მანიპულაციისთვის, გაყალბებისთვის ამ ალტერნატიული ნიმუშების გამოყენება“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 14 ივლისს სპეციალურმა  პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეოკადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.