Foto

ჯერ გამოძიება 7-8 მარტის ძალადობას უწევს - ლისზე ცეცხლი არავისთვის წაუკიდებიათ - კობახიძე

ჯერ გამოძიება 7-8 მარტის ძალადობას უწევს - ცეცხლი არავისთვის წაუკიდებიათ ლისზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, "ლისზე იმის ნახევარიც კი არაფერი მომხდარა", რაც 7-8 მარტიის აქციების დროს მოხდა.

"გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს სჭირდება თუ სადმე რამე დანაშაული არის ჩადენილი, მაგრამ ქრონოლოგიურად ჯერ გამოძიება 7-8 მარტის ძალადობას უწევს. ჯერ სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული 7-8 მარტის ძალადობა, საჭიროა, შესაბამისი ადამიანების ბოლომდე პასუხისგებაში მიცემა და ამის მერე მოვა დრო, ლისზე მომხდარი მოვლენები იქნას გამოძიებული.

7-8 მარტსაც იყო უამრავი ფაქტი, მათ შორის, ადამიანებზე ძალადობის ფაქტები, რაც ძალიან მძიმეა. ცეცხლი არავისთვის წაუკიდებიათ ლისზე. ცეცხლი წაუკიდეს 7-8 მარტს მოძალადეებმა; ვანდალიზმი იყო ათასნაირი; რუსთაველი ლამის გადაწვეს; რუსთაველის თეატრს მიახატეს რაღაც ათასი სიბინძურე. ეს ხდებოდა 7-8 მარტს. ლისზე ამის ნახევარიც კი არაფერი მომხდარა. ძალადობა ბევრად უხეში ფორმით იყო გამოხატული 7-8 მარტს. ამიტომ, ჯერ ყველამ უნდა მოიკითხოს 7-8 მარტის მოძალადეების, ძალადობის საკითხი, მერე ყველაფერი დანარჩენი",- თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, 8 ივლისს "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებმა "პრაიდის კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება ჩაშალეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველების მიუხედავად, პოლიციის არაერთი კორდონი გაარღვიეს და შეიჭრნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ღონისძიება უნდა გამართულიყო.

"თბილისი პრაიდმა" ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციამ ვითარების გამწავავების პარალელურად გაავრცელა განცხადება, რომ ფესტივალის ორგანიზატორები და მონაწილეები ტერიტორიას ტოვებდნენ.

რაც შეეხება "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებს, მათ ღონისძიების ჩატარების ადგილი დაიკავეს, სცენა და სასცენო მოწყობილობები დააზიანეს და ინვენტარის ნაწილი დაწვეს.

აღნიშნულის შემდეგ განცხადება გააკეთა ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარეხველიძემ, რომლის თქმითაც, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე "პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული", თუმცა "ყველა აქციაზე შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი".

ღონისძიების ჩაშლას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთისკენ, მმართველ პოლიტიკურ გუნდს კი, დაპირისპირების წაქეზების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის დროს 2 პირი დააკავა.