Foto

ევროპარლამენტში ბევრი ადამიანი შეშფოთებულია სააკაშვილის მდგომარეობით - მათ აქვთ უფლება, გამოთქვან აზრი - ჰერჩინსკი

ევროპარლამენტში ბევრი ადამიანია, რომელიც ძალიან შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით - მათ აქვთ უფლება, გამოთქვან საკუთარი აზრი,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტის უფლებები სრულად დაცული უნდა იყოს.

"ევროპარლამენტის წევრებს აქვთ უფლება, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი და მე ვიცი, რომ იქ ბევრი ადამიანია, რომელიც ძალიან შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. მათ აქვთ უფლება, დააფიქსირონ საკუთარი ხედვები გარედან ყველანაირი ჩარევის გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები, როგორც ბრალდებულისა და პაციენტისა, იყოს სრულად დაცული",- თქვა ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 44-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაყვანას.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტარების მოწოდების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროდეპუტატებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.