Foto

შსს-ს თანამშრომლისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

კასპის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ლაშა ტუხაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე ბრალდებულ 3 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

დაცვის მხარე სამივე პირის გირაოს სანაცვლოდ, ან აღკვეთის გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა.

ადვოკატ ნოდარ ცინცაძის თქმით, დაზარალებული და მისი მამა, რომლებსაც დაკავებისას წვდომა ჰქონდათ ბრალდებულებზე, მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"პოლიციელის მამამ უშვერი სიტყვებით შეურაცხყო ერთ-ერთი ბრალდებული, რამაც გამოიწვია ფიზიკური დაპირისპირება. ამ დროს ადგილზე მივიდა თვით ეს პოლიციელი, რომელმაც ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და დაუმიზნა ერთ-ერთ ბრალდებულს. სწორედ ამ დროს შემთხვევის ადგილზე მყოფმა ადამიანებმა მას ხელები დაუჭირეს და მოხდა ორი გასროლა ზედიზედ... დაზარალებულ პოლიციელსა და მის მამას ჰქონდათ საშუალება, შეხვედროდნენ პოლიციის შენობაში ამ პიროვნებებს - ყველას ცალ-ცალკე და არა ერთდროულად და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს... ეს არის მისი სამსახურებრივი იარაღი რამდენადაც ახლა არის ცნობილი, თუმცაღა რატომ უნდა ჰქონოდა კვირა დღეს, არასამუშაო საათებში",- თქვა ჟურნალისტებთან ადვოკატმა, ნოდარ ცინცაძემ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, ასევე მიმალვის საფრთხე. შესაბამისად, 3 ბრალდებულის მიმართ სასამართლომ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. ბრალდებულებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაზარალებულს, მასთან დასახმარებლად მისულ ოჯახის წევრებს, კერძოდ, მამას, დედას, ცოლს და ამ ყველაფერს ესწრებოდა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულს გასტაცა მისი კუთვნილი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და აღნიშნული იარაღის ტარის გამოყენებით თავის არეში მიაყენა დაზიანება",- განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება საქმის ოფიციალურ დეტალებს, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 16 ივლისს, კასპი-მეტეხის საავტომობილო გზაზე ყოფნისას, ი.კ.-ს ავტომობილს საპირისპირო სავალ ზოლში მაღალი სისწრაფით მიმავალი მ.მ. შეეჯახა და ავტომანქანა დაუზიანა.

"მომხდარ ფაქტს ი.კ.-ს მეუღლე, შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლ.ტ. შეესწრო, რომელიც ასევე, ავტომანქანით მცირეწლოვან შვილთან და მშობლებთან ერთად აღნიშნულ გზაზე გადაადგილდებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიციის თანამშრომელსა და მ.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მ.მ.-ს მეგობრები - ჯ.ც., ბ.ხ., ნ.ც. და გ.ფ. მივიდნენ. ხსენებულმა პირებმა პოლიციის თანამშრომელს, მისი 4 წლის შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დასახმარებლად მისული პოლიციელის მამაც სცემეს, მცირეწლოვანის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელის დედას და მეუღლეს.

ძალადობის აღკვეთის მიზნით, პოლიციელის დედამ სსიპ 112-ში დარეკვა სცადა, რა დროსაც ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მას მობილური ტელეფონი წაართვა.

გარდა ამისა, ჯ.ც. დაზარალებულისთვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც იარაღიდან გასროლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად, ეს უკანასკნელი ცეცხლსასროლ იარაღს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და სხვა ბრალდებულებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა სამი პირი 17 ივლისს დააკავეს. მიხეილ მაისურაძესა და ბექა ღუდუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით წარედგინათ (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ჯიმშერ ცეცხლაძეს ბრალდება 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.