Foto

რუსეთმა ოდესაზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა

რუსებმა 24 ივლისის ღამეს ოდესაზე კიდევ ერთი შეტევა განახორციელეს. 

უკრაინული მედია რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელზე, სერგეი ბრაჩუკსა და სამხრეთის სარდლობაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დარტყმების შედეგად დაშავდა 4 ადამიანი და განადგურდა მარცვლეულის ანგარი.

„რუსი ოკუპანტები აგრძელებენ სამოქალაქო ობიექტებსა და უკრაინული მარცვლეულის საცავებზე თავდასხმებს. მტერმა რეგიონის სამხრეთს ე.წ. კამიკაძე-დრონებით შეუტია",- აცხადებს ბრაჩუკი.

სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, რუსეთი თავს დაესხა დუნაის საპორტო ინფრასტრუქტურას.

"დაზიანდა ტვირთის შესანახი ავზები. ერთ-ერთ საწარმოო ობიექტში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ლიკვიდირებულია",- განაცხადა სამხრეთის სარდლობამ.

ცნობისთვის, 23 ივლისს რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია.

თავდასხმიდან მალევე ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაზიანებული იყო ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები.

მოგვიანებით, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ წუხელ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფ ოდესის ისტორიულ ცენტრში, წინასწარი მონაცემებით, არქიტექტურის 25 ძეგლი დაზიანდა. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ოდესაში იერიში მიიტანეს იმ ობიექტებზე, სადაც "რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა".