თბილისის მერიამ ხმაურის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდის მიზნით შესაბამისი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, არსებული სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა და ვერ ქმნის კანონდარღვევის ასარიდებლად პრევენციულ ზომებს.
„ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, თქვენ იცით როგორ აქტუალური ხდება ხმაურის დონის გადამეტების პრობლემა კერძო თუ საზოგადოებრივ სივრცეებში. არსებული რეგულაციების მიხედვით, ზოგ ადგილებში და ზოგ ობიექტებზე დასაშვებია ხმაურის გარკვეული დონე დილის 08:00-დან ღამის 11:00 საათამდე, ხოლო ღამის 11:00-დან დილის 08:00 საათამდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური, ან კიდევ დაშვებულია ხმაურის დაბალი დონე, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულ კანონს ხშირ შემთხვევაში არ იცავენ კაფეები, ბარები, რესტორნები, კლუბები და ა.შ. ამ ობიექტებში ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში, დილით, შუადღით, საღამოს თუ ღამით არის ერთნაირად შეზღუდული და არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბელს. რამდენიმე კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე მოვუწოდე და ვთხოვე ყველა მსგავს ობიექტს, დაიცვან ხმაურთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები, ასევე დავავალე მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, რომ ამ მიმართულებით გაემკაცრებინა მონიტორინგი. ფაქტია, რომ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის დადგენილი სანქციები უშედეგოა და არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს, რათა კანონდამრღვევმა თავი შეიკავოს განმეორებითი დარღვევებისგან. ხშირ შეთხვევაში ეს ობიექტები კვლავ უგულებელყოფენ კანონს და საზოგადოების ინტერესებს“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სანქციების მიზანი არის არა ბიზნესის დაზარალება, არამედ ადამიანის უფლებების დაცვა.
„რა თქმა უნდა, ბიზნესს არავითარ შემთხვევაში არ ვეწინააღმდეგებით, ხელს არავის არ ვუშლით. პირიქით, თქვენ იცით, ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომები, ბევრი მხარდამჭერი პროგრამა განვახორციელეთ მათთვის, მაშინ, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი ჰქონდათ. მხედველობაში მაქვს პანდემიის ორწლიანი პერიოდი. რა თქმა უნდა არც მომავალში დავიხევთ უკან, მაგრამ ერთით მეორე არ უნდა დავაზიანოთ და ადამიანის უფლებები უნდა იყოს გათვალისწინებული.
კანონპროექტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5000 ლარის ოდენობით; მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით“, - დასძინა კალაძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით უკვე შედგა კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრ...
„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს &b...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
Mana press