Foto

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.

ომის დაწყების ქრონოლოგია

2008 წლის დასაწყისიდან მოვლენები შედარებით მშვიდად ვითარდებოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ორივე მხარე ერთმანეთს ვითარების დაძაბვის მცდელობაში და პროვოკაციების მოწყობაში პერიოდულად ადანაშაულებდა. ქართულ-რუსული ურთიერთობები 2008 წლის ნატოს სამიტის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა. აღნიშნულ სამიტზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად განაცხადეს, რომ საქართველო ნატოს წევრი სახელმწიფო აუცილებლად გახდებოდა. პარალელურად, მწვავდებოდა ვითარება ცხინვალის რეგიონში.

ოს სეპარატისტებსა და ქართველ ჯარისკაცებს შორის შეირაღებული კონფლიქტი პირველ აგვისტოს დაიწყო, რის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 მძიმედ დაიჭრა. 4 აგვისტოს რუსეთის 58-ე არმიის ხუთმა ბატალიონმა როკის გვირაბის სიახლოვეს ტერიტორიები დაიკავა.

6 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა, რის გამოც 3 ქართველი სამშვიდობო ჯარისკაცი დაიჭრა. იმავე ღამეს სროლებმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რის გამოც საქართველომ სროლები განაახლა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 აგვისტოს მონაცემებით, ომში 10 ჯარისკაცი დაიღუპა. მოგვიანებით ქვეყნის იმ დროიდენლმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და ცალმხრივი სროლის შეწყვეტა გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, თავდასხმები ქართულ სოფლებზე უფრო ინტენსიური გახდა. 8 აგვისტოს, ქართულმა მხარემ საპასუხო სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის“ დამყარება იყო.

9 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე საჰაერო იერიშები მიიტანა. ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარიც დაბომბა. პარალელურად მიხეილ სააკაშვილმა ერაყში მყოფი I ბრიგადის 2000 ჯარისკაცი უკან გამოიწვია და ქვეყანაში 15-დღიანი საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ამავე დღეს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით რუსული არხების ტრანსლირება აკრძალა და განაცხადა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება, მოსკოვის მხრიდან წარმოებული საინფორმაციო ომის გამო მიიღო. კულუარებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, საქართველოს ხელისუფლების და უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილის დამხობის შესახებ. ომის დაწყების დღიდან მასში მალევე აფხაზეთიც ჩაერთო. როგორც დე-ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, ის ცხინვალის რეგიონს სოლიდარობას უცხადებდა და ყველაფერს გააკეთებდა მის დასახმარებლად.

შეირაღებული კონფლიქტის პარალელურად საქართველოზე კიბერშეტევებიც ხორციელდებოდა. 9 აგვისტოსთვის თითქმის ყველა ქართული ინტერნეტდომენი აღარ იძებნებოდა, რამდენიმე სამინისტროს, "საქართველოს ბანკისა" და პარლამენტის ვებგვერდი ჰაკერების მსხვერპლი გახდა. 11 აგვისტოსთვის საიტების უმეტესობა უკვე აღდგენილი იყო, თუმცა ისინი გარკვეული ხარვეზებით მუშაობდნენ.

აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შემდეგ მოხერხდა. სარკოზის 6-პუნქტიან გეგმას საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში - 16 აგვისტოს. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა, მოსკოვმა აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" საზღვრების გასწვრივ ბუფერული ზონები შექმნა და ფოთში, სენაკსა და პერევში სათვალთვალო პუნქტები დატოვა. ამავე გეგმის ფარგლებში, პირველი ოქტომბრიდან საქართველოში პატრულირება ევროკავშირის დამკვირვებლებმა დაიწყეს.

რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ბრძანება 26 აგვისტოს გამოსცა. თავის მხრივ 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლებამ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი მიიღო, რომლითაც განსაზღვრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი და იქ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი დაადგინა. ცნობისთვის, პირს, რომელიც ხსენებულ კანონს დაარღვევს, სანქციები დაეკისრება.

აღსანიშნავია, რომ მაშინ რუსეთის გარდა, საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობა კიდევ ხუთმა სახელმწიფომ (ვენესუალა, ნიკარაგუა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ) აღიარა, თუმცა მოგვიანებით ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება უკან წაიღეს. ომიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა სირიამაც აღიარა. 29 მაისს ბაშარ ასადის რეჟიმმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან "დიპლომატიური ურთიერთობები" დაამყარა.

საქართველოში რუსეთის ჯარის ინტერვენციის შედეგად, 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, 1 747 კი, დაიჭრა. სახლები თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პროცესი ე.წ. ბორდერიზაციის ფორმით ამ დრომდე გრძელდება, რაც მშვიდობიან მოსახლეობას ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. პერიოდულად ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ და აღნიშნული სტატისტიკა სულ უფრო იზრდება.

აგვისტოს ომის ზიანის გამკლავების საკითხი ქვეყნისთვის დღემდე პრობლემად რჩება.