Foto

პატრიარქი - ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც ჩვენი ძირძველი მიწა და განუყოფელი ნაწილია!

ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას,- ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სპეციალურ მიმართვაში, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც პატრიარქი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებულ მიმართვაში აღნიშნავს, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ძირძველი მიწა და განუყოფელი ნაწილია.

"15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რის შემდეგაც, აფხაზეთთან ერთად, უკვე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი იქნა ოკუპირებული რუსეთის მიერ. საერთაშორისო დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და კვლავ გავიმეორებ, რომ ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც ჩვენი ძირძველი მიწა და განუყოფელი ნაწილია!

ჩვენი სამშობლო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მთავარია სათნო ვეყოთ შემოქმედს, რომ ღირსნი გავხდეთ მისი  წყალობისა. შუღლით, ღვარძლით, ურთიერთმტრობით, სიცრუით... ამას ვერ მივაღწევთ და ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ. 

საქართველოს ეკლესია ყოველ წირვაზე აღავლენს ლოცვებს, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ისე ერის სულიერი ერთობისათვის; ასევე მუდამ ვიხსენიებთ სამშობლოსათვის თავდადებულთ და ახლაც შევთხოვ ღმერთს, მართალთა თანა განუსვენოს და წიაღი აბრაამისა დაუმკვიდროს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილ ძმათამკვლელი ომის მსხვრეპლთ, მათ შორის, ოსებსაც და აფხაზებსაც.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მშვიდობით აკურთხოს მათი ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და ინებოს ჩვენი გაერთიანება, ჩვენი ძველი ურთიერთობების აღდგენა, ამინ. ღმერთმა ერთობით აკურთხოს სრულიად საქართველო",- ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.