„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
ამის შესახებ ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"ორი მთავარი კითხვაა დღეს, როდესაც მსხვერპლი დღითიდღე იზრდება: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან?
"ოცნების" ხელისუფლება, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი პირადად, მრავალი წელი საზოგადოებას ჰპირდებოდა მონიტორინგის სისტემის დანერგვას. ჯერ კიდევ 2014 წლის საქართველოს სოციალურ ეკონომიკურ სტრატეგიაში პრიორიტეტულ ამოცანად არის განსაზღვრული ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემების დანერგვა. იგივე მიზანი ფიგურირებს სხვა ოფიციალურ სახელმწიფო დოკუმენტებშიც. მონიტორინგის სისტემის დანერგვისთვის 70 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2018 წელს დასავლელი პარტნიორებისგან. სისტემის დანერგვა პრიორიტეტად არის გამოყოფილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც, მაგრამ ვხედავთ, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა დღემდე არ არის შექმნილი და ბიუჯეტით გაწერილი პროგრამა არ არის განხორციელებული. მეტიც, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ახლა ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერია და რომელიც 5 წლის წინ ამტკიცებდა მონიტორინგის სისტემის აუცილებლობას, დღეს ამბობს, რომ „მსგავსი ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში, რაც არ უნდა სისტემები გვქონდეს“ და ამით გაფრთხილების სისტემის არ არსებობას და შესაძლო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას ამართლებს. ბიუჯეტის ხარჯების შესაძლო გაფლანგვა, შესაბამისი თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მონიტორინგის სისტემის დანერგვის ჩავარდნა პირდაპირი საფუძველია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის.
აღნიშნული ინიციატივით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა საექსპერტო ჯგუფები ისევე, როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები. ჩვენ, მათ შორის ამ მოსაზრებების გათვალისწინებით და იმ ფონზე, როდესაც ნულოვანია ნდობა საგამოძიებო უწყებების მიმართ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საპარლამენტო საგამოძიებო კომიიის შექმნა შოვში მომხდარი სტიქიის ირგვლივ.
მეორე საკითხი, რომელიც უნდა შეისწავლოს საგამოძიებო კომისიამ არის სტიქიაზე სახელმწიფოს რეაგირების ადეკვატურობა და ეფექტურობა. პასუხისმგებელმა პირებმა საგამოძიებო კომისიას და საზოგადოებას უნდა განუმარტონ:
რამდენად დროული და ოპერატიული იყო სტიქიის პირველ საათებში სახელწმიფო უწყებების რეაგირება; გუშინ მოვისმინოთ ამორალური გამართლება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის მხრიდან, რომელმაც განაცხადა, ვციტირებ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას „ვინც იქ უშუალოდ არ დაფარულა, ყველა გადარჩა, ძებნას 15 წუთში დავიწყებდით თუ 1 საათში, ამას რა გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა“, მაშინ როდესაც გადარჩენილი ადამიანები ირწმუნებიან, რომ ყოველ წუთს მნიშვნელობა ჰქონდა გადარჩენისთვის. სარჯველაძის ეს განცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ადამიანები სიკვდილისთვის გაწირა.
დამატებითი კითხვები, რომელსაც საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა გაეცეს პასუხი, არის რატომ: არ შეიძინა სახელმწიფომ, 11 წლის განმავლობაში შესაბამისი სამაშველო ვერტმფრენები; მათ შორის, რატომ თქვა უარი სახელმწიფომ გრანტის სახით გამოყოფილ სამაშველო ვერტმფრენებზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვაწვდიდა; რატომ არ გააჩნია შესაბამის სამაშველო სამსახურს თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობა; ამ პირობებში, რატომ არ თხოვა ხელისუფლებამ დახმარება მეზობელ ქვეყნებს. და ბოლოს, რატომ არ ჩაერთო სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, როდესაც ცივილიზებულ ქვეყნებში ასეთი კატასტროფების დროს საათში ერთხელ ახდენს შესაბამისი პირი საზოგადოების ინფორმირებას.
საგამოძიებო კომისიასთან ერთად, ჩვენ მივმართავთ სხვა საპარლამენტო ბერკეტებს და ვთხოვთ, ყველა ოპოზიციურ პარტიას, ერთობლივი ძალისხმევით მოვითხოვოთ ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, რათა მომავალში ჩვენი ქვეყანა უფრო მომზადებული შეხვდეს მსგავს კატასტროფას და შევძლოთ ადამიანური დანაკარგის მინიმუმამდე შემცირება“,- განაცხდა თინა ბოკუჩავამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press