Foto

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა Yandex-ის მეშვეობით მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ.

ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის", - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში. 

ცნობისთვის, რუსულენოვანმა მედიასაშუალება "მედუზამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სულ მალე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (FSB) ექნება მუდმივი წვდომა Yandex-ის სერვისის მონაცემთა ბაზაზე. 

როგორც მედია იუწყება, რისკის ქვეშ არიან ასევე რუსეთის ფარგლებს გარეთ მყოფი მომხმარებლებიც, მათ შორის ქართველები.